გასული წლის ბოლოს, ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეს, ერთობლივი ეკოანბანის შექმნის იდეა შესთავაზა და ამისათვის სპეციალური გარემოსდაცვითი კონკურსი გამოაცხადა. წესების მიხედვით, ყველა მსურველს შეეძლო, თითო ასოზე, გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებული სიტყვა ან გარემოზე მზრუნველი გზავნილი მოეფიქრებინა და შესაფერისი ნახატიც შეექმნა. ამ საერთო ძალისხმევის შედეგად კი, საბოლოო ჯამში, შეიქმნა პირველი ქართული ანბანის ეკო-ვერსია, რომლის შექმნაშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის 165- მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის პირობების თანახმად, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებიც გამოვლინდნენ. რაჭის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო და შიდა ქართლის, კახეთის და თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც ორგანიზაციის პარტნიორი კომპანიებისგან - ტენესა და ორიფლეიმისგან სპეციალური, გარემოსდაცვითი მიზნით შექმნილი საჩუქრები გადაეცათ.
კონკურსის შედეგად შეიქმნა ერთიანი ეკოანბანის პოსტერის ციფრული ვერსია, რომლის ნახვა, გადმოტვირთვა და სარგებლობა ყველა დაინტერესებულ საბავშვო ბაღსა და სკოლას შეუძლია.