ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ყველა სკოლის მოსწავლეს სახალისო კონკურსს სთავაზობს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცოდნის და უნარების განვითარებაა. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ეკოსკოლების მსოფლიო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ქართულ კონტექსტზე მორგებული თემატური მასალები. თუმცა, ამ ცოდნის მიღებისას, განსაკუთრებული როლი პრაქტიკულ აქტივობებს ენიჭება, როდესაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ მოცემულ საკითხს დამოუკიდებლად დააკვირდნენ, შეისწავლონ და ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნონ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებმა თეორიული მასალა სახალისო აქტივობად აქციონ. ეს საზაფხულო კონკურსი ამის კიდევ ერთი დასტურია.
როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
ყველა სკოლის მოსწავლეს შეუძლია ქართული ანბანის თითო ასოს შესაბამისი ეკო-სიტყვა, ან გარემოზე მზრუნველი გზავნილი მოუფიქროს. ნახატიც დაურთოს და ეკოანბანის შემგროვებელ ჯგუფს გაუგზავნოს. წესები ძალიან მარტივია, აქ მთავარია დაკვირვების უნარი და შემოქმედებითი მიდგომები. შერჩეული ასოების რაოდენობა არ იზღუდება. რამდენ მათგანზეც გაგიჩნდებათ შესაფერისი შესატყვისი და ნახატსაც მოარგებთ, იმდენის გამოგზავნა შეგიძლიათ.
როდემდე არის შესაძლებელი ნამუშევრის გამოგზავნა?
კონკურსში ჩართვა 27 ივნისიდან, 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ, ნამუშევრები კი მითითებულ მისამართზე უნდა გამოგვიგზავნოთ. არ დაგავიწყდეთ, გამოგზავნილ მასალას ეკო-ანბანის ავტორის ვინაობა, სკოლა და ასაკი დაურთოთ. ასევე, ნამუშევართან ერთად ფოტო გადაიღოთ და აქ გამოგვიგზავნოთ: info@kgt.ge