ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოკონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალ თაობაში ეკოაქტივიზმის წახალისებას და გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ საზოგადოების ყურადღების გამახვილებას.
მონაწილეებს ნამუშევრების შექმნის პროცესში მათი ოჯახის წევრებიც უნდა ჩაერთოთ და ერთობლივი შედეგი წარმოედგინათ.
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა და მათი ოჯახის წევრებმა. ერთი თვის მანძილზე 160 მონაწილემ შექმნა გარემოს დაცვის თემაზე შექმნილი საკომუნიკაციო მასალა და წარმოადგინა პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი ხედვა.
"თუ არ ვამცირებთ ჩვენ ნარჩენს, აზრი არა აქვს დანარჩენს!" - ეს გზავნილი ერთ-ერთ გამარჯვებულს, მარიამ ბედიას ეკუთვნის, რომელიც სამეგრელოს სოფელ ინჩხურიდანაა. მარიამმა, დედასთან ერთად, გამოუსადეგარ პლასტმასის
საგნებს ახალი ფუნქცია მოუძებნა და ნარჩენების შემცირების ასეთი გზა შესთავაზა საზოგადოებას.
ლიზი მექვაბიშვილი კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია გურიის სოფელ ჯუმათიდან. მან სკოლაში ისწავლა კომპოსტის დამზადება, კონკურსის ფარგლებში კი თავის ოჯახის წევრებთან ერთად კომპოსტირება საკუთარ ეზოში წამოიწყო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ეკომეგობრულ სასუქად აქცევს.
ლილი დეივის-დოლაბერიძე კონკურსის თბილისელი მონაწილეა. მან გარემოსდაცვითი პოსტერები თავის და-ძმასა და დედასთან ერთად შექმნა, რომლის მიზანიცაა ადამიანებს აჩვენოს როგორ შეუძლიათ დაზოგონ გარემო, შეამცირონ ნარჩენები და გახდნენე უფრო ეკომეგობრულები.
საუკეთესო კონკურსანტები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მყარი ნარჩების მართვის კომპანიის, მწვანეთა მოძრაობის, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების სენის, ორქისის და დავიცვათ საქართველოს სისუფთავის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი „იზრუნე გარემოზე და გაიმარჯვე“ ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.
პროექტს, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხარდაჭერით.