„ივლისი პლასტმასის გარეშე“
ეს ინიციატივა პლასტმასით დაბინძურებით გამოწვეული გარემოსდაცვითი კრიზისის დასაძლევად გაჩნდა. ეს არის შესაძლებლობა ინდივიდებისთვის, თემებისა და ბიზნესებისთვის იმოქმედონ ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების წინააღმდეგ.
2011 წელს ავსტრალიაში დაწყებულმა ამ გლობალურმა მოძრაობამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და შთააგონა მილიონობით ადამიანი შეამცირონ პლასტმასის მოხმარება ივლისის თვეში.
რას გულისხმობს კამპანია „ივლისი პლასტმასის გარეშე“ და როგორ გვიბიძგებს შევცვალოთ ჩვენი პლასტმასასთან დამოკიდებულება?
„ივლისი პლასტმასის გარეშე“ არის ყოველწლიური კამპანია, რომელიც მონაწილეებს მოუწოდებს თავი აარიდონ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას მთელი თვის განმავლობაში.
კონცეფცია მარტივია:
უარი თქვით პლასტმასისგან დამზადებულ ნივთებზე, როგორებიცაა ცელოფნის პარკები, ბოთლები, საწრუპი ჩხირები და საკვების შეფუთვა. ასეთი მიდგომით ხელს შეუწყობთ პლასტმასის ნარჩენების შემცირებას.
რატომ უნდა ჩავერთო?
ამ კამპანიაში ჩართვით და ერთი თვის განმავლობაში პლასტმასისგან თავისუფალი წესის დაცვით, მონაწილეებს უვითარდებათ ახალი ჩვევები, რომლებიც შესაძლებელია მომავალშიც გაგრძელდეს და იქცეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ასევე უბიძგებს მათ შეისწავლონ არასაჭირო პლასტმასის ნივთები და იფიქრონ ეკოლოგიურად სუფთა, ხელმისაწვდომ ალტერნატივებზე.
პლასტმასისგან გათავისუფლების უპირატესობები:
გარემოზე ზემოქმედება - პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, რის გამოც ბინძურდება ნაგავსაყრელები, ოკეანეები და ეკოსისტემები. პლასტმასის მოხმარების შემცირებით ჩვენ შეგვიძლია შევამსუბუქოთ მავნე გავლენა ბუნებაზე, აკვატორიაზე და მყიფე ეკოსისტემებზე.
ჯანსაღი საზოგადოება - პლასტმასა ხშირად შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ჩვენს საკვებში, სასმელსა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში. პლასტმასისგან თავისუფალი ალტერნატივების არჩევით, ვიცავთ ჩვენს ჯანმრთელობას და მომავალი თაობის კეთილდღეობას.
ინოვაციების წახალისება - „ივლისი პლასტმასას გარეშე“ ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას. ინდივიდებს და ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას დანერგონ მდგრადი ალტერნატივები. კამპანია ამკვიდრებს ისეთ მასალებსა და შესაფუთ საშუალებებს, რომლებიც ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.
როგორ ჩავერთოთ კამპანიაში?
იყავი ინფორმირებული - გაეცანი ინფორმაციას პლასტმასით დაბინძურებისა და არსებული ალტერნატივების შესახებ. თვალი ადევნე ადგილობრივი გადამუშავების ინიციატივებს და ნარჩენების მართვის კარგ პრაქტიკებს.
უარი თქვი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასაზე - თან იქონიეთ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები, წყლის ბოთლები და ყავის ჭიქები. უარი თქვით ერთჯერად საწრუპ ჯოხებსა და ჭურჭელზე. შეძლებისდაგვარად აირჩიეთ შეუფუთავი ან ნაკლებად შეფუთული ნივთები.
მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ მდგრად ბიზნესებს - მოიძიეთ ბიზნესი ან საცალო ვაჭრობის ობიექტი, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გვთავაზობენ და ეკომეგობრულები არიან. წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ მდგრად ალტერნატივებს, როგორიცაა კომპოსტირებადი შეფუთვა და პროდუქტების შევსების სადგურები.
ცოდნის გავრცელება და გაზიარება - გაუზიარეთ „ივლისი პლასტმასას გარეშე“ სხვებსაც. ჩაერთეთ დიალოგში პლასტმასას ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის შესახებ და შთააგონეთ სხვებიც შემოუერთდნენ კამპანიას.
„ივლისი პლასტმასის გარეშე“ გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ ხელშესახები შედეგები დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად. მცირე ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ამცირებს ერთჯერად პლასტმასაზე დამოკიდებულების, ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩვენი პლანეტის მდგრად მომავალს.
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდი აქ.